ვითარება პოლონეთში

18:12, 31.10.2026

პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებული კრიზისის გამო, პრეზიდენტის სასახლეში საპარლამენტო ჯგუფების ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.  

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ვებგვერდზე, მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკა ახალ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ყოფილი თავმჯდომარის, ბოგდან შვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის, ბართოლომეი სოხანსკის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, საკონსტიტუციო ტრიბუნალის მუშაობას უკვე თავად ხელმძღვანელობს და პირველი გადაწყვეტილებებიც მიიღო, რომლითაც გააუქმა აქამდე გაცემული ნებართვები.

საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ბოგდან შვენჩკოვსკი კი „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობაზე საუბრობს. ბოგდან შვენჩკოვსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მხარდაჭერისთვის და უზენაესი სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ზბიგნევ კაპინსკის ცალსახა პოზიციისთვის.

კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გუშინ პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი სენეგალში ვიზიტით მიემგზავრებოდა, ტრიბუნალის მოსამართლემ კი წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე და მისი მოადგილე ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა, სიახლე კი უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მისი განმარტებით, შვენჩკოვსკი უარს ამბობდა მოსამართლეთა საერთო კრების მოწვევაზე, ეს მოქმედებები კი საფრთხეს უქმნიდა ტრიბუნალის ნორმალურ ფუნქციონირებას. თუმცა, უწყების სოციალურ ქსელ „იქსზე,“ რომელსაც ბოგდან შვენჩკოვსკის გუნდი აკონტროლებს, მალევე საპირისპირო განცხადება გაავრცელეს. მასში ნათქვამი იყო, რომ ვებგვერდი უკანონოდ მიიტაცეს და რომ შვენჩკოვსკი კვლავ საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარედ რჩებოდა. საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, იქვე მივიდა თავად შვენჩოვკიც, რომელიც ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს. განვითარებული მოვლენების გამო, ვარშავაში დაბრუნებული პრეზიდენტი ნავროცკი, სასამართლოს შენობაში ძალით შევიდა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი ადგილი ჰქონდა ოპოზიციურ ძალებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას. მოგვიანებით, პრეზიდენტის წარმომადგენელმა განცხადება გაავრცელა, რომ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწყებს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობა, ტრიბუნალის ამჟამინდელ შემადგენლობას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. ტუსკის მთავრობამ სასამართლოს რეფორმირება და ახალი მოსამართლეების დანიშვნა სცადა, თუმცა, პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის მარტში დანიშნული ექვსი მოსამართლიდან, სამის ფიცის მიღებაზე უარი თქვა, ხოლო ბოგდან შვეჩკოვსკიმ უარი განაცხადა, ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეულ მოსამართლეებს დაეწყოთ მოვალეობის შესრულება.

მსგავსი