ვითარება პანკისში - პოლიტიკური შეფასებები

პანკისში 21 აპრილს განვითარებული მოვლენები მწვავე პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა პარლამენტში. „ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეკონომიკის სამინისტრომ სთხოვა გახარიას უწყებას ხეობაში სამშენებლო ტექნიკის შეყვანის დროს პოლიციელების მობილიზება.

ოპოზიცია სამართალდამცავებზე ძალადობას გმობს, თუმცა გუშინდელ არეულობაზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აინტერესებს, რატომ შეიყვანეს ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალები და გადაამეტეს თუ არა სამართალდამცავებმა საკუთარ უფლებამოსილებას.

ჰესის მშენებლობის გარშემო აზრი ორად არის გაყოფილი უმრავლესობაში. მმართველი გუნდის ნაწილი სამშენებლო კომპანიასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე მიუთითებს.