ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. ინფორმაცის ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ე.წ. პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, ანატოლი ბიბილოვმა ამით სცადა იმ დაძაბულობის შემცირება, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ინალ ჯაბიევის დაღუპვას მოყვა. ამასთან, ე.წ. დეპუტატებმა დააყენეს ე.წ. გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც. მანამდე თანამდებობიდან ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ პუხაევი გადადგა. პუხაევის გადაწყვეტილება ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეების საპროტესტო აქციას უკავშირდება, რომელზეც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევის დაღუპვა გააპროტესტეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა. სწორედ იგორ ნანიევის სახელს უკავშირდება გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმე, ის ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული. ინალ ჯაბიევი იზოლატორიდან უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. პაციენტი საავადმყოფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ფაქტის შემდეგ, ცხინვალის ცენტრში ხალხმრავალი აქცია გაიმართა.