ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის განცხადებით, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს, ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა ინალ ჯაბიევის სავარაუდო მკვლელობაში, დაკავებულია. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინსტრო კი იუწყება, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ვითარება მათ კონტროლს ექვემდებარება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯაბიევთან ერთად დაკავებული ნიკოლაი ცხოვრებოვი, მძიმე მდგომარეობაში, ზნაურის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია. ვრცელდება მის სხეულზე არსებული დაზიანებების კადრებიც. დე ფაქტო პარლამენტი მეორე საგანგებო სესიას მართავს, სადაც ცხინვალში გუშინ  განვითარებულ მოვლენებსა და გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხს განიხილავენ. საქმე ეხება, წინასწარი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის სავარაუდო წამებით მკვლელობის ფაქტს.  ინალ ჯაბიევი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით აიყვანეს. იზოლატორიდან ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს , ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიაში ვრცელდება დაღუპულის ცხედრის კადრები, სადაც ნათლად ჩანს მრავლობითი დაზიანებები. მომხდარის გამო, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პარასკევს საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა ე.წ. მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. დე ფაქტო პრეზიდენტმა  ჯერ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ ნანიევი გაათავისუფლა, შემდეგ კი  გადადგომის შესახებ ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადება დააკმაყოფილა. საპროტესტო აქცია ცხინვალში დილამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეები, დეფაქტო გენერალური პროკურორის გადადგომასაც მოითხოვენ.