ვითარება ოკუპირებულ ახალგორში

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ პრობლემებზე წერს, რაც ე. წ. გამშვები პუნქტების დაკეტვის შემდეგ შეიქმნა. მეარაყიშვილი ამბობს, რომ გარდა ე. წ. ნებართვების გაცემის დაგვიანებისა, ე. წ. გამშვები პუნქტები დაკეტილია, მხოლოდ სინაგორის გზაა გახსნილი, რაც შემოვლითი, სახიფათო და საკმაოდ ძვირადღირებული გზაა და ამ გზით სარგებლობა ყველას არ შეუძლია. ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით,  ხელისუფლება ყველა ძალისხმევას მიმართავს საოკუპაციო რეჟიმზე გავლენის მოსახდენად და შეზღუდვების გასაუქმებლად. შერბილებულია დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება იმ პირებთან მიმართებაშიც, ვისაც თბილისში მკურნალობა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღება ესაჭიროება.