ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა მოლაპარაკებები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ოპონენტები ხაჯიმბას თანამდებობის დატოვებას სთხოვენ. ე.წ. ლიდერი კი, პოსტიდან წასვლას არ აპირებს და მოვალეობის  შესრულებას განაგრძობს. შეხვედრას, რომელიც მხარეებს შორის დღის მეორე ნახევარში შედგა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეც  ესწრებოდა. მოლაპარაკების სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსნებთ, რომ დღეს, დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ  ე.წ. არჩევნების  თარიღად 22  მარტი დაასახელა. ხაჯიმბა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი მტკიცებით, ე.წ. საარჩევნო  კომისიამ,  განმეორებითი არჩევნების  თარიღი,  დე ფაქტო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების ფონზე მიიღო.  ოპოზიციის წარმომადგენლები კი, ამ დრომდე ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში რჩებიან. თავდაპირველად  დაანონსებული იყო, რომ არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდგომ, ისინი შენობას დატოვებდნენ, თუმცა სიტუაცია ჯერჯერობით არ შეცვლილა.