ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

რაულ ხაჯიმბა, ახალი, ე.წ. არჩევნების გამართვისთვის მზად არის – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა.  როგორც ის აღნიშნავს, ხაჯიმბა, კენჭისყრის გამართვამდე, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ამავდროულად კი, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი მზადაა ახალ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. გუშინ გვიან საღამოს, სოხუმში, ხაჯიმბას მომხრეები ფილარმონიაში შეიკრიბნენ, თუმცა თავად ხაჯიმბა თანამოაზრეებთან შესახვედრად არ მისულა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ განახლდა. 9 იანვარს, მათ  ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა მოახერხეს, რის შემდეგაც ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, ოპოზიციის ლიდერის, ალხაზ კვიცინიას სარჩელი – სექტემბერში ჩატარებული დე ფაქტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, დააკმაყოფილა.  ამ დროისთვის  დე ფაქტო ძალოვანი უწყებები, შეჭრის ფაქტზე  გამოძიებას აწარმოებენ. ხაჯიმბას  ე.წ. ადმინისტრაციის წევრები კი, ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნების წარმომადგენლები, ამას ხაჯიმბას  მომხრეები ვერ ამბობენ.

დატოვე კომენტარი