ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლის შედეგად ერთი ე.წ. დეპუტატი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძია. მანამდე, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ორი ე.წ. დეპუტატი – კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. როგორც მედიას ე.წ. შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რობერტ კიუტმა განუცხადა, „სროლაში ეჭვმიტანილია ე.წ. დეპუტატი ადგურ ხარაზია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“. ადგილობრივი მედია წერს, რომ ე.წ. „დეპუტატები კრიპტოვალუტის მოპოვების ე.წ. მაინინგის აკრძალვის კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც, ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ხარაზიამ ე.წ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა, კვარჩიამ კი ინიციატივას პოპულიზმი უწოდა. მოგვიანებით ხარაზიამ იარაღი ამოიღო და კვარჩიას ესროლა. რაც შეეხება დაღუპულ ვახტანგ გოლანძიას, ის დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტში სროლა, დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა.