ვითარება „ნამახვანჰესთან“

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლაშა ქუთათელაძე, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის იყო დაკავებული, ცოტა ხნის წინ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. უსამართლო პროცესი ქუთაისში დისტანციურად წარიმართა.

არსებული ინფორმაციით, ქუთათელაძე გადაადგილებას „გუმათჰესთან“ სამართალდამცავების მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა. თუმცა, ადვოკატის  თქმით, ქუთათელაძე იმ დარღვევისთვის დააკავეს, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია.

ერთი კვირაა, რაც „გუმათჰესთან“ პოლიციას საკონტროლო გამშვები პუნქტი აქვს მოწყობილი. სამართალდამცველები ყველა იმ ადამიანს და ავტომობილს ამოწმებენ, ვინც რიონის ხეობაში გადაადგილდება. საკონტროლო პუნქტი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც „ნამახვანჰესის” კასკადის მშენებელმა კომპანია „ენკამ” ჰესის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა.