ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ისევ დაირღვა. გუშინ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება ხელმეორედ შედგა, თუმცა, დაპირისპირება მაინც გრძელდება. მხარეები ერთმანეთს კვლავ საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სდებენ ბრალს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში სომხეთის არმია ჯებრაილის რაიონის, ასევე მდინარე არაქსის ნაპირზე მდებარე გათავისუფლებული სოფლების მიმართულებით საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანმა დაარღვია. სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს და მომგებიანი პოზიციების დაკავების მიზნით, ხუდაფერინის წყალსაცავის მიმართულებით იერიში მიიტანეს. სტეპანიანი წერს, რომ დაღუპულები ორივე მხარეს ჰყავს.