ვითარება მთიან ყარაბაღში

 რა ხდება უშუალოდ კონფლიქტის ზონაში – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმია სამოქალაქო დასახლებებს ბომბავს. ბაქოში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმია მოწინააღმდეგის მიმართ გადამწყვეტ ზომებს იღებს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის არმიისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო შენაერთების მძიმე ტექნიკის განადგურების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 27 სექტემბრის შემდეგ, სომხეთის არმიამ 230 ტანკი და საბრძოლო მანქანა, 250 ერთეული საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 38 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა და ათი ერთეული სამეთაურო-საკონტროლო სისტემა გაუნადგურა.