ვითარება მთიან ყარაბაღში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთი სომხური „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ბაქოში ამბობენ, რომ სომხეთის არმიის თვითმფრინავი აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვას ჯებრაილის რაიონში აპირებდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიას აღდამის რაიონის, ასევე ქალაქ ტერტერში სკოლის დაბომბვაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ბაქოში აცხადებენ, რომ ფიზულის მიმართულებაზე სომხეთის არმიის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილზე დაამყარეს კონტროლი. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აზერბაიჯანის არმიის დანაკარგებზე საუბრობს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ მიმართულებაზე აზერბაიჯანის არმიის ოთხი ტანკი გაანადგურეს. სომხეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ კომიტეტის შუამავლობაზე უარი განაცხადა, რომ ბრძოლის ველიდან დაჭრილი ჯარისკაცები გაიყვანონ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ზავი ღამის 12 საათზე გამოცხადდა, თუმცა მოკლე დროში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.