სამი დღის წინ მარნეულში, „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს – გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს – დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ მარნეულში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის ჟურნალისტები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ზაზა ბარამიძეს. ასევე ინციდენტის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს.