ვითარება კიევში - უახლესი ინფორმაცია მოვლენების ეპიცენტრიდან

კიევში დღე ისე დაიწყო, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა ან წინასწარი დაკავების იზოლატორში, ან შინაპატიმრობაში უნდა ყოფილიყო. თუმცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამ წუთებში უკრაინის რადასთან დგას და პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვს. გენერალურმა პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცავების მიერ დაკავებული სააკაშვილის გათავისუფლების ფაქტზე. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობა დადგება, რომლებმაც ექსპრეზიდენტი სპეცრაზმელებით სავსე მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს. კიევში ვხედავთ კარვებს, ბარიკადებს, ქვების სროლას და ფიზიკურ დაპირსპირებას – ანუ ყველაფერ იმას, რითიც რევოლუციები იწყება. ამის პარალელურად საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ლიდერს სოლიდარობას უცხადებს და ხვალიდან გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებას აანონსებს.

“მოამბე” კიევიდან – ლიკა ალელიშვილი დილიდან მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება. ის ახლა რადასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებს და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.