ვითარება ისრაელში - საქართველოს საელჩოს განცხადება

დაძაბულია ვითარება ისრაელში. ღაზას სექტორზე განხორციელებული საპასუხო იერიშის შედეგად, ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, „ჰამასის“ რვა მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა. პალესტინური მხარის ინფორმაციით კი, თავდასხმებს 24 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულია 65 პირი. მანამდე, ისრაელზე სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან მიიტანეს. გავრცელებული ცნობით, 150-მდე რაკეტა გაუშვეს, რომელთა დიდი ნაწილიც თავდაცვითი-საჰაერო სისტემებით ჩამოაგდეს, ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა. დაშავდა მხოლოდ ერთი ადამიანი. ისრაელმა არ დააკმაყოფილა „ჰამასის“ მიერ წაყენებული ულტიმატუმი, გაეყვანა შეიარაღებული ძალები ალ-აქსას მეჩეთიდან, რასაც აღნიშნული სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა. იერუსალიმში კი, პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ორშაბათს მომხდარი  შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 400-ს აღწევს. დაპირისპირება ისრაელში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პალესტინელები ისრაელის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც, აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინური ოჯახების გასახლება იგეგმება.

ისრაელში ჩვენი ქვეყნის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. 10 მაისს, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოამბე