ვითარება ისრაელში - საგარეო უწყების რეკომენდაციები

ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას სიტუაციის დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“ – აღნიშნულია განცხადებაში. ისრაელში საქართველოს საელჩო კი ჩვენს მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისა და ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. საელჩოს განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ უნდა მოიქცნენ „წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ ისრაელში მყოფი მოქალაქეები. ამასთან, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო, საქართველოს აეროპორტებიდან 20-მდე ავიარეისი გაუქმდა. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ფრენების გაუქმება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაა. მათივე თქმით, ამ ეტაპზე თბილისიდან – 15, ხოლო ბათუმიდან ოთხი რეისია გაუქმებული. განცხადებას ავრცელებს ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისიც”, სადაც აცხადებენ, თელ-ავივის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე 16 ივნისის საღამომდეა გაუქმებული. სხვა მიმართულებებით დაგეგმილი ყველა რეისი კი შეუფერხებლად სრულდება.