ვითარება ისრაელში - გამოხმაურებები

ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს საქართველო. სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში წერს“, რომ შეშფოთებულია ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვით. „საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაჰუმანურობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. „ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანაგრძნობას ვუცხადებ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“- წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი აღნიშნავს, რომ არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია და მსოფლიოში ასეთი აგრესიის ადგილი არ არის. პაპუაშვილსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მომხდარს გამოეხმაურა თბილისის მერიც. კახა კალაძე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.