ვითარება ისრაელში

ისრაელ-პალესტინის მრავალწლიანი კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ესკალაცია – ორივე მხარეს მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა ყოველ საათში იზრდება.

დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. ისრაელიდან და ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევები ამ წუთებშიც გრძელდება. ისრაელის ქალაქებში დაბომბვის მანიშნებელი სიგნალები პრაქტიკულად არ წყდება. ბოლო მონაცემებით, საჰაერო თავდასხმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მსუბუქადაა დაშავებული. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა ქალაქები აშდოდი, ლოდი, აშქელონი, ბერშევა. ღაზის სექტორიდან ავია-იერიშების ყოველწუთიერი საშიშროების გამო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მოუწოდებენ. საჰაერო შეტევის სამიზნე გახდა თელავივიც. რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მხრიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი ასეულობით რაკეტის უდიდესი ნაწილი ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ გააუვნებელჰყო. ისრაელის ჯარების მობილიზება მიმდინარეობს ღაზის სექტორის საზღვართან. არავინ იცის, გადაიზრდება თუ არა საჰაერო თავდასხმები სახმელეთო ოპერაციაში, როგორც ეს 2014 წელს მოხდა.