ვითარება ისრაელში

ირანთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის საავადმყოფოებში 289 დაშავებული გადაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ისრაელის საავადმყოფოებში სულ 1050 ადამიანი მოხვდა. ირანის სარაკეტო საფრთხის ფონზე, ისრაელში პერიოდულად განგაშის სიგნალები ისმის. ისრაელის მიმართულებით რაკეტებს და დრონებს უშვებენ ლიბანიდანაც. „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ „ისრაელის კრიმინალური აგრესიის საპასუხოდ, რომელმაც ლიბანის ათობით ქალაქი და დაბა დაბომბა“, ისრაელის სამ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა ლიბანის ტერიტორიაზე დაიწყეს მოქმედება. მათივე ცნობით, ისრაელის ჯარები ლიბანის სამხრეთ ნაწილში, სასაზღვრო ზონის მახლობლად, რამდენიმე წერტილში არიან განლაგებულნი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი ომი არ იქნება.