მედიის ინფორმაციით, ირანელი აქტივისტი, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ცოცხალია. არსებული ინფორმაციით, სიკვდილით დასჯა ირანში შეჩერებულია. საპროტესტო აქციები კი – გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაღუპულია სულ მცირე, 2 600 ადამიანი, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი, შესაძლოა 12 ათასს აღწევდეს. პარალელურად, უკვე ექვსი დღეა, რაც ქვეყანაში ინტერნეტი სრულად ბლოკირებულია. ირანში შეერთებულ შტატების მხრიდან შესაძლო სამხედრო მოქმედებების ფონზე, რამდენიმე ქვეყანამ – აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ესპანეთმა – მოქალაქეებს ირანიდან გასვლისკენ მოუწოდა. დიდმა ბრიტანეთმა თეირანში საელჩო დროებით დახურა და პერსონალი გაიყვანა. პარალელურად, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ირანის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით, ჩამოხრჩობის გეგმები არ აქვს. ამასთან, არაღჩიმ Fox News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანში საპროტესტო აქციები, სინამდვილეში „ტერორისტული ოპერაციები იყო და არა უბრალოდ დემონსტრაციები“. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტერორისტები ცდილობდნენ მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდას ერთი მიზნით – დონალდ ტრამპის კონფლიქტში ჩართვისთვის.