ვითარება ირანში

„აშშ-სა და ისრაელის ტერორისტულმა აგენტებმა ქუჩებს ცეცხლი წაუკიდეს და ძალადობა გამოიწვიეს“ – ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია იუწყება. დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავრცელებულ მოკლე რეპორტაჟში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ განაცხადეს, რომ არეულობის დროს აქტივისტებმა „დაწვეს ხალხის პირადი მანქანები, მოტოციკლები, საზოგადოებრივი ადგილები, როგორიცაა მეტრო, სახანძრო მანქანები და ავტობუსები“, არის მსხვერპლი. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები და შეტაკებები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციებისას დაღუპულია სულ მცირე, 34 ადამიანი.