ვითარება ჰორმუზის სრუტეში
ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებები განაახლეს, რომლის მიზანია, სტრატეგიულ სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილება აღდგეს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ სრუტის ნაღმებისგან გაწმენდაზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ირანს შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები ძირითადად შეჩერებულია, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, დიპლომატიური მცდელობები ჩიხშია შესული და სრუტეში გადაადგილება კვლავ სახიფათოა. აშშ-ი ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს და სანქციებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ვაჭრობას გააგრძელებენ. ამავდროულად, აშშ-ი ახლო აღმოსავლეთში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის პერსონალის დაბრუნებას იწყებს, რაც, მედიის ცნობით, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვაშინგტონი რეგიონში ახლო მომავალში კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების ნაკლებ რისკს ხედავს.