„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დილიდან სოფელ გუმათში არიან შეკრებილები. ისინი სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რკინის კონსტრუქციის ნაწილი, რითაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა გზა გადაკეტილი, გუშინ აიღო, თუმცა გზა კვლავ რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული და სოფელ ნამოხვანისკენ მოძრაობა აკრძალულია. თავის მხრივ, საავტომობილო გზა ავტომობილებით გადაკეტილი აქვთ ჰესის მოწინააღმდეგეებსაც. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი მაშინ გაგრძელდება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისა და ავტობანის პიკეტირებას აანონსებენ.
მოამბე