ვითარება გორის სამხედრო ჰოსპიტალში 

მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ექიმი, რომელმაც გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ ნინო გოგორიშვილი ხელისუფლების ზეწოლის მსხვერპლია. თავად ექიმი გვარამიას საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და მის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. საუბარია ადვოკატის იმ განცხადებებზე, სადაც ის სწორედ ნინო გოგორიშვილზე დაყრდნობით სარეაბილიტაციოდ ექს-პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობდა. მედიის ნაწილი დილიდან ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში იყო მოთავსებული, რასაც სამთავრობო ზეწოლას უკავშირებდნენ. თუმცა, ცოტა ხნის წინ ექიმმა კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გვარამიამ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და შემდგომი რეაბილიტაციის საკითხზე მისი პასუხების ინტერპრეტირება მოახდინა, რის გამოც ის სააკაშვილის მკურნალ ექიმად მუშაობაზე უარს ამბობს.