ვითარება გლობალურ ბაზრებზე – საწვავის ფასები იზრდება
მსოფლიო ნავთობის მეხუთედის გამტარი ჰორმუზის სრუტის ბლოკირება და მსოფლიო ბირჟებზე არსებული გაურკვევლობა სხვა ქვეყნებთან ერთად მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოზეც.
ბენზინი საშუალოდ 40 თეთრით არის გაძვირებული. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საწვავის იმპორტი ჰორმუზის სრუტის გავლით არ ხდება, გაძვირებულია საოპერაციო ხარჯები და საომარი რისკების დაზღვევა, რაც საწვავის ქართულ ბაზარსაც ურტყამს. უკვე შემცირებული ადგილობრივი რეზერვები კი საწვავის გაძვირების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ფასების მატება – სპეციალისტების შეფასებით, ეს უმეტესწილად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებაზეა დამოკიდებული. თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, არ არის გამორიცხული, ბარელი ნავთობის ფასი 200 დოლარამდე გაიზარდოს, რაც საწვავის გაძვირებასთან ერთად, ეკონომიკის ყველა სექტორზე უარყოფითად აისახება.