ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ღაზაში მდებარე ბოლო მოქმედი ჰოსპიტლის ნაწილი განადგურებულია. დარტყმის დროს პაციენტების ნაწილი საავადმყოფოში იმყოფებოდა. როგორც ტელეკომპანია „ბიბისი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, საავიაციო დარტყმის შედეგად საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიისა და ქირურგიის განყოფილება განადგურდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ხანძარი, რომელიც რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ ორსართულიან შენობაში გაჩნდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი იყო. ღაზის საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ჰოსპიტლის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის განცხადებით, იერიშისას განხორციელებული ევაკუაციის დროს დაიღუპა ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში თავის ტრავმით იყო შეყვანილი.