რა ვითარებაა ერევანში - #მოამბის რეპორტაჟი

ერევანში, თავისუფლების ქუჩაზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.[ფოტო]როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი სწორედ ქუჩის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდისას დააკავა.  ამ დროისთვის, ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია. მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩება აქციის რამდენიმე მონაწილე.  ერევანში აქცია დილიდან განახლდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად კომიტასის გამზირისკენ მიემართება. ფაშინიანი მომხრეებთან ერთად რამდენიმე ქუჩის გადაკეტვას გეგმავს.

უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ. ​გუშინ დემონსტრანტებმა რამდენიმე სამთავრობო შენობის ბლოკირება მოახდინეს.

აქციების მიმდინარეობის დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკავებულთა სხვადასხვა რაოდენობის შესახებ.

19 აპრილს დემონსტრანტები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სომხეთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო. დააკავეს მომიტინგეთა ნაწილი.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად  ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. დღეს სომხეთში ახალი მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება.