ვითარება ერევანში

ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – სომხეთის დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ფაშინიანმა სახელმწიფო ინტერესებს უღალატა, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ომის დასრულების სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობას დათანხმდა.

ოპოზიციონერების თქმით, ფაშინიანი ქვეყნის მმართველად აღარ უნდა დარჩეს. მიტინგზე ასევე გამოცხადდა, რომ 17 ოპოზიციური პარტია „ეროვნული გადარჩენის კომიტეტს“ ქმნის. დემონსტრაციის დაწყებამდე გავრცელდა ცნობა, რომ დაკავებულია ოპოზიციონერი დეპუტატი გაგიკ წარუკიანი. თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 9 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შეთანხმების გაფორმების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.