ვითარება დავით გარეჯში

საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით ელოდება ბაქოში მიმდინარე შეხვედრის დასრულებას. სწორედ აზერბაიჯანში დაწყებულ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, როგორ გადაწყდება მომავალში, ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში სადავო საზღვრის საკითხი.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შეკრებილი ორმხრივი სამთავრობო კომისია მსჯელობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზეც, რომლის ერთი ნაწილი სწორედ სადავო სასაზღვრო ზონაშია. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ ბაქოში დააყენა, კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოებია.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზა გაჰყავთ. არსებობს შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალაც. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მიზნით, თავიდან დაკომპლექტებულმა 20-კაციანმა ორმხრივმა კომისიამ, საზღვრის ერთი მესამედის საკითხი უნდა გადაწყვიტოს, რომელიც წლებია სადავოა.