ვითარება დავით გარეჯში

დავით გარეჯის საკითხზე ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან. მხარეები ერთმანეთს 19 აგვისტოს შეხვდებიან და სავარაუდოდ, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზეც ჩავლენ.

საექსპერტო სამუშაოები საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის მიზნით შექმნილი ორმხრივი კომისიის ფარგლებში ჩატარდება. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თავიდან დაკომპლექტებული კომისია მაისიდან მუშაობს და ქვეყნებს შორის მრავალწლიანი სადავო სასაზღვრო საკითხის გადაწყვეტას ცდილობს. სწორედ სადავო სასაზღვრო ზონაშია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი.

14 ივლისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, უდაბნოს მონასტერთან, ასევე, ჩიჩხიტურთან მისასვლელი გზები ამ დრომდე ჩაკეტილია, გაზრდილია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობაც, მათ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი.