ვითარება ისევ უცვლელია დარიალის გამშვებ პუნქტზე.
ე. წ. ნეიტრალურ ზონაში 87 პირი იმყოფება, რომლებიც თავს უკრაინის მოქალაქეებად აცხადებენ. ისინი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთს ცდილობენ, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მძიმე კრიმინალური წარსული და არავალიდური დოკუმენტაცია აქვთ. საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა უკრაინულმა მხარემაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კომენტარში ნათქვამია რომ უკრაინა თანამშრომლობს ქართულ მხარესთან, რათა სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტში მყოფი უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. დარიალის სასაზღვრო პუნქტზე გაჩერებული პირების საქმე, უკვე მეორე დღეა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.