ვითარება ბელარუსში

ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. ღამემ ქვეყანაში მშვიდობიანად ჩაიარა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრი დანიშნა და მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ რომან გოლოვჩენკო დანიშნა. ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და ინფორმაციის მინისტრებმა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის სანქციების პარალელურად, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომელთაც ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 32 პირისგან შემდგარი სია შეიმუშავა, რომელიც უკვე გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩეხეთის მთავრობა კი ინიციატივით გამოდის, ბელარუსში აქციების დროს დაშავებულ ადამიანებს ჩეხეთში უმკურნალონ. განცხადება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა გააკეთა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის, ბელარუსში თვითმფრინავი გაგზავნოს, რომლითაც დაშავებულებს ჩეხეთში ჩაიყვანენ.