ვითარება ბელარუსში

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ალექსანდრე ლუკაშენკომ ძალოვან უწყებებს ქვეყანაში არეულობის აღკვეთისა და დემონსტრაციების ორგანიზატორების გამოვლენის განკარგულება მისცა.

ასევე ბელარუსის პრეზიდენტმა დაავალა თავდაცვის სამინისტროს მეზობელ ლიეტუვასა და პოლონეთში ნატო-ს სამხედროების გადაადგილების მიმართულებით ბელარუსის შეიარაღებული ძალები გამოიყვანოს, ხოლო საზღვრის დაცვის სამსახურს ქვეყნის საზღვრები გაამაგროს. ბელარუსში საპროტესტო აქციები მეთერთმეტე დღეა გრძელდება. დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი მომიტინგის გარდაცვალების  შესახებ. საავადმყოფოში გარდაცვლილ კაცს ქალაქ ბრესტში პოლიციელის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა. სულ აქციებს ბელარუსში 3 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ მინსკის მთავარ მოედანზე და ასევე სხვადასხვა საწარმოსთან. პარალელურად, აქცია გრძელდება მინსკში იანკა კუპალას თეატრთანაც.  მანამდე თეატრის ხელმძღვანელმა აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ბელარუსში შექმნილ ვითარებაზე დღეს კიდევ ერთი საგანგებო განცხადება გაავრცელა ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა არ აღიარონ ბელარუსში გამართული არჩევნები.