ვითარება ბელარუსში

მინსკში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს, დროებითი დაკავების იზოლატორებიდან ათავისუფლებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ გათავისუფლებულ მოქალაქეს დაჟეჟილობები აღენიშნება და აცხადებენ, რომ მათ იზოლატორში არასათანადოდ ეპყრობოდნენ. ხელისუფლება დაკავებულების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებს უარყოფს.

საპროტესტო აქციების მეხუთე დღე ბელარუსის დედაქალაქში – სოლიდარობის აქციებს ათასობით ადამიანი შეუერთდა. საპროტესტო აქციების მონაწილეები დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებენ. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური კარაევმა აქციების დროს შემთხვევითი გამვლელების დაშავებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ. კარაევმა აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების ბრძანება გასცა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვისთვის ემზადება. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 7 000-მდე ადამიანი დააკავა. დაპირისპირების დროს კი სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი