ქაბულის აეროპორტი ისევ ტერორისტების სამიზნე გახდა – „ისლამურმა სახელმწიფომ“ მორიგი იერიში მიიტანა. პენტაგონის ცნობით, აეროპორტის მიმართულებით ხუთი რაკეტა გაისროლეს, თუმცა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მათი განადგურება შეძლო. სარაკეტო თავდასხმამდე, ამერიკელმა სამხედროებმა დრონის საშუალებით ის ავტომობილი გაანადგურეს, რომლითაც თვითმკვლელი ტერორისტი აეროპორტზე თავდასხმას გეგმავდა. მედიის ცნობით, დაიღუპნენ მოქალაქეებიც, მათ შორის ბავშვები. ავღანეთიდან უცხოელი ჯარისკაცების გაყვანა და ევაკუაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
დღეს ქაბულს ამერიკელი დიპლომატიური მისიის წევრები სრულად დატოვებენ. თუმცა, დასავლეთში შიშობენ, რომ ქვეყნიდან წასვლას ვერ შეძლებს ათასობით ავღანელი, რომელთაც სამშობლოში დიდი ალბათობით საფრთხე ემუქრებათ. საფრანგეთს ჰუმანიტარული ოპერაციების ჩასატარებლად ქაბულში გაერო-ს კონტროლქვეშ უსაფრთხო ზონის შექმნა სურს.