ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისევ რთულია – ქნესეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარბია. აქტივისტებმა ქნესეთის შესასვლელი გადაკეტეს. შეკრებილები მთავრობის გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. დემონსტრანტებს შორის იყვნენ ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებიც. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე. მანამდე ღაზაში დატყვევებული მძევლების ოჯახების წევრებმა მოუწოდეს კატარს და მოლაპარაკების ინიციატორებს, გააორმაგონ ძალისხმევა მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. მათი თქმით, ისინი გასულ კვირას კატარის მაღალჩინოსნებს შეხვდნენ, რომლებიც პროცესში არიან ჩართული. გარდა ამისა, ოჯახის წევრები მძევლებისთვის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევას ელოდებიან.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის 94-ე დღეა – იერიშები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიმდინარე ოპერაციების ფონზე, ღაზის სექტორს ორი სამედიცინო ორგანიზაცია ტოვებს. საერთაშორისო სამაშველო კომიტეტში აცხადებენ, რომ ალ აქსას საავადმყოფოზე განხორციელებული იერიშების შემდეგ, მათი სამედიცინო პერსონალის ღაზის სექტორში დატოვება უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ.

ღაზის სექტორში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბრობს ორგანიზაცია „სეივ ზი ჩილდრენიც“. მათი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ყოველდღიურად საშუალოდ ათზე მეტი ბავშვი იღებს მძიმე დაზიანებას.