ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიური ქარხანა დაბომბა. ირანის ეკონომიკას ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა. ამასთან, ლიკვიდირებულია „ქუდსის ძალების“ ფარული დანაყოფის ლიდერი. მანამდე, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განაცხადეს, რომ მოკლულია მათი დაზვერვის უფროსი და მომხდარში ამერიკა და ისრაელი დაადანაშაულეს. ჯამში მოკლულია 17 პირი, მათ შორის 6 ბავშვია. „ბიბისი“ კი წერს, რომ კვირას ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა და 39 დაიჭრა. ისრაელის ქალაქ ჰაიფაში კი, ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ირანის თავდასხმის შედეგად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტელეკომუნიკაციების შენობა დაზიანდა. გავრცელებული ცნობით, ირანის თავდასხმა მოიგერია ქუვეითის საჰაერო თავდაცვამაც. პარალელურად, „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულებისა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ გეგმა მიიღეს. წყაროების ცნობით, გეგმა, შესაძლოა, ორშაბათს ამოქმედდეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას. თეირანში კი აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე პასუხი უკვე მზად აქვთ და ამას შესაბამის დროს გამოაცხადებენ. ირანული მხარის განცხადებით, ქვეყანას ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნები აქვს, რომლებიც შუამავლის მეშვეობით უკვე გადაცემულია.