უკვე 35 დღეა ახლო აღმოსავლეთში საომარი ვითარებაა. გასული ღამის განმავლობაში, ირანმა ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. კასეტური ქობინის მქონე რაკეტის მოგერიება ვერ მოხერხდა. თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სახლები, გზები და ავტომობილები. ირანის ხელისუფლების განცხადებით, მათ ასევე იორდანიაში ალ-აზრაკის ბაზაზე აშშ-ის გამანადგურებლებზე დრონით თავდასხმა განახორციელეს. ქუვეითის თავდაცვის ძალების ინფორმაციით კი, მათ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ორი ირანული ფრთოსანი რაკეტა და 13 დრონი ჩაჭრეს. კვლავ დაძაბული რჩება ვითარება ისრაელისა და ლიბანის საზღვარზეც. ამასთან, „სიენენი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ახლო აღმოსავლეთში ქაოსის შესაქმნელად ირანს საკმარისი რაკეტები და დრონები რჩება. დაზვერვის ინფორმაციით, ირანის რაკეტების გამშვები სისტემების ნახევარი ხელუხლებელია, ასევე ათასობით თავდამსხმელი დრონი თეირანის არსენალში კვლავ რჩება.