ვითარება ახლო აღმოსავლეთში

15:02, 05.03.2026

ახლო აღმოსავლეთში სარაკეტო იერიში გრძელდება. ღამით, ისრაელის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა სამჯერ განხორციელდა. საჰაერო განგაში იყო ისრაელის ცენტრალურ ნაწილშიც, იერუსალიმის მიდამოებსა და დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ ტერიტორიაზე. ისრაელმა კი ირანში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა. იერიში მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამეთაურო ცენტრზეც. ასევე ცნობილი გახდა ის, რომ ათასობით ერაყელმა ქურთმა მებრძოლმა, ირანში სახმელეთო შეტევა დაიწყო. თუმცა, „ფოქს ნიუსის“ მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას, ქურთისტანის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი კატეგორიულად უარყოფს. ცნობა იმის შესახებ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, ირანში აჯანყების მოწყობის მიზნით, ქურთული ძალების შეიარაღებაზე მუშაობდა, თეთრ სახლშიც უარყვეს. რაც შეეხება ინდოეთის ოკეანეში ირანულ სამხედრო გემზე განხორციელებულ დარტყმას – მას სულ მცირე, 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ აშშ მწარედ ინანებს ამ იერიშს. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო უწყება უკვე ანაწილებს ფინანსებს ოპერაციებისთვის, რომლებიც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თავდაპირველად დასახელებული ოთხი კვირაა. „პოლიტიკოს” თანახმად, ირანთან ომი, შესაძლოა, სულ მცირე, ასი დღე გაგრძელდეს.

მსგავსი