ახლო აღმოსავლეთში სარაკეტო იერიში გრძელდება. ღამით, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა სამჯერ განხორციელდა. საჰაერო განგაში იყო ისრაელის ცენტრალურ ნაწილშიც, იერუსალიმის მიდამოებსა და დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ ტერიტორიაზე. ისრაელმა კი ირანში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა. იერიში მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამეთაურო ცენტრზეც. ასევე ცნობილი გახდა ის, რომ ათასობით ერაყელმა ქურთმა მებრძოლმა, ირანში სახმელეთო შეტევა დაიწყო. თუმცა, „ფოქს ნიუსის“ მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას, ქურთისტანის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი კატეგორიულად უარყოფს. ცნობა იმის შესახებ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, ირანში აჯანყების მოწყობის მიზნით, ქურთული ძალების შეიარაღებაზე მუშაობდა, თეთრ სახლშიც უარყვეს. რაც შეეხება შრი ლანკის ტერიტორიულ წყლებში ირანულ სამხედრო გემზე განხორციელებულ დარტყმას – მას სულ მცირე, 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაახლოებით 68 პირი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. აშშ-ის ომის მდივანი აცხადებს, რომ ირანულ გემზე თავდასხმა ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოთი განახორციელა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წყალქვეშა ტორპედოს გამოყენების პირველი შემთხვევა იყო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონი ირანულ სამხედრო გემზე დარტყმას მწარედ ინანებს. მედიაში გავრცელებული ცნობით, ირანი ისრაელის ბირთვულ ობიექტზე დარტყმას არ გამორიცხავს.