ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ახლო აღმოსავლეთში რთული ვითარება ნარჩუნდება.
ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ირანზე იერიშები გრძელდება.
ავიაგამანადგურებლებით და სხვადასხვა ტიპის ბომბდამშენებით იბომბება სამხედრო ინფრასტრუქტურა. ამერიკული მხარე 20-მდე ირანული სამხედრო გემის ჩაძირვის შესახებ იტყობინება. მათ შორისაა გამთენიისას შრილანკასთან ჩაძირული ფრეგატიც. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ირანიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამური რესპუბლიკის ძალებმა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში. ირანული დრონების სამიზნე გახდა დუბაიში მდებარე შტატების საკონსულოც. ისევ დაბლოკილია ჰორმუზის სრუტე. ოფიციალური თეირანი სრუტის გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში ტანკერების დაბომბვით იმუქრება. პარალელურად, ირანი აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას გლოვობს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო უზენაესი ლიდერის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გადაიდო.