ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს, ქვეყნის მასშტაბით 787 ადამიანი დაიღუპა. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანის მასშტაბით, 153 ქალაქსა და 500-ზე მეტ ადგილას, 1 000-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა. ცნობილი ხდება, რომ ისრაელის ავიაციამ გასულ ღამეს ირანის სახელისუფლებო ობიექტები დაბომბა, მათ შორის ირანის პრეზიდენტის ბიურო, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბ-ბინა, ტერიტორია, რომელსაც ირანის „ყველაზე მაღალი რანგის ფორუმი“ შეხვედრებისთვის იყენებს, ასევე „ირანის არმიის ოფიცრების მომზადების დაწესებულება“. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათ გაანადგურეს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო პოსტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამხედრო აეროდრომები და რაკეტის გასაშვები ადგილები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მომავალში ირანზე კიდევ უფრო მძიმე იერიშები განხორციელდება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს საკმარისი იარაღის მარაგი აქვს სამუდამო ომისთვის.