ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზის ოკუპაციისთვის სახმელეთო შეტევა დაიწყეს – ინფორმაციას გამოცემა Axios ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ისრაელის ძალები ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ღაზის გარეუბანში მოქმედებდნენ და ქალაქის ცენტრს მიუახლოვდნენ. „ღაზა იწვის. ისრაელის თავდაცვის ძალები რკინის მუშტით ურტყამს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები მამაცურად იბრძვიან, რათა შექმნან პირობები მძევლების გათავისუფლებისა და „ჰამასის“ დამარცხებისთვის“.- დაწერა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. Axios-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ისრაელმა ღაზის სექტორი ალყაში მოაქცია, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამწვავდა და მოსახლეობას საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი აქვს. ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს უკვე აკონტროლებს. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქი ღაზა ღამით 20 000-მა პალესტინელმა დატოვა.