ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ხანმოკლე ზავის შემდეგ ისრაელის არმია ღაზის სექტორის ყველა მიმართულებას ერთდროულად ბომბავს.

მთავარი ამოცანა უცვლელია – „ჰამასის“ სრული განადგურება და ყველა მძევლის გათავისუფლება. ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში სახლების ნახევარზე მეტი განადგურდა ან დაზიანდა. არაბული ანკლავის მოსახლეობა სამხრეთით, ეგვიპტის საზღვრისკენ მიდის. პარალელურად, „ჰამასის“ სამხედრო დანაყოფები ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევებს განაგრძობენ. დღეს სამიზნე გახდა თელ-ავივი, სდეროთი და ნეთივოთი. 16 000-მდე დაღუპული და 42 000 დაშავებული – ასეთი სურათია ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელმა სამხედრო ოპერაციის დაწყებით უპასუხა.