ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზაში დღეს გამთენიის შემდეგ სულ მცირე, 62 პალესტინელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, 19 ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს დაიღუპა. არაბული მედია წერს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ ადამიანებს ისრაელის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. გაერო-ს საკვების უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, ღაზაში შიმშილის ყველაზე ცუდი სცენარი ახლა უკვე რეალობად იქცა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი აღიარებს, რომ ღაზის სექტორში რთული ვითარებაა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს ისრაელის მხრიდან შიმშილის პოლიტიკის გატარებას. ისრაელის მთავრობის წარმომადგენელი არაბულ ანკლავში შექმნილ რთულ ვითარებაში „ჰამასს“ ადანაშაულებს.