ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის თავდაცვის ძალებში ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში წერტილოვანი სახმელეთო ოპერაციების დაწყების შესახებ განაცხადეს. სამხედროები ამბობენ, რომ ოპერაციის მიზანია ბუფერული ზონის გაფართოება. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 252-ე დივიზია შევიდა ნეცარიმის დერეფნის ზონაში, რომელიც ღაზის სექტორს ორ ნაწილად ყოფს. ასევე, გოლანის ბრიგადა განთავსებულია ღაზის საზღვრის სამხრეთ ნაწილში და მომავალი ქმედებებისთვის ემზადება. ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია მას შემდეგ განაახლა, რაც ერთი დღით ადრე ანკლავში საჰაერო იერიშების განხორციელება დაიწყო. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ავიადარტყმებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ოპერაციის განახლება მოჰყვა მძევლების გათავისუფლებაზე „ჰამასის“ განმეორებით უარს, ასევე, ტრამპის ადმინისტრაციისა და შუამავლების ყველა წინადადების უარყოფას. აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავის პირველი ფაზის პირველ მარტს დასრულების შემდეგ მხარეები შუამავლების დახმარებით ზავის გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს მართავდნენ.