ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები 90%-ით დასრულებულია, თუმცა რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გადაჭრას საჭიროებს – ამის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულმა პალესტინელმა მაღალჩინოსანმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხია ისრაელის სამხედრო ძალების ყოფნა ე.წ. ფილადელფიის კორიდორში – სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზოლში ღაზის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან. პალესტინელი ოფიციალური პირი „ბი-ბი-სის“ დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე ესაუბრა, რომელიც მოიცავს ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას ისრაელ-ღაზის საზღვრის გასწვრივ რამდენიმე კილომეტრის სიგანეში. ამ საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში, სამეტაპიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე დღეში შეიძლება, გაფორმდეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე 20 პალესტინელი პატიმრის გაცვლას თითოეულ გათავისუფლებულ ქალ ჯარისკაცში. პატიმრების ვინაობა ჯერ არ შეთანხმებულა თუმცა, სავარაუდოდ, მათ შორის არ იქნება ფათაჰის ლიდერი მარვან ბარღუთი, რომლის გათავისუფლებაზეც ისრაელი, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს.