„ვიტ ჯორჯიას“ ხუთ ფეხბურთელს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებულ მატჩებში ეჭვმიტანილ ფეხბურთელებთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვეტილება გამოიტანა.

თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძეს და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა, ხოლო თავად კლუბს „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ ექვსი ქულა დააკლდა და ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

კომიტეტმა იმსჯელა ლანჩხუთის „გურიის“ ორ და ჭიათურის ერთი მოთამაშის საკითხზეც. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალათ.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გარიგებულ მატჩებში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს, მათგან შვიდი მოქმედი ფეხბურთელია. საკითხზე კომენტარი დღეს მხოლოდ ერთ-ერთი სპორტსმენის ადვოკატმა გააკეთა.