ვირტუალური სტუდიის პრეზენტაცია

კომპანია „ზეროდენსითი ტივიმ“ ვირტუალური სტუდიის პრეზენტაცია გამართა და საქართველოს პირველ არხს კომპიუტერული პროგრამა წარუდგინა, რომლის საშუალებით სტუდიის მოწყობა ვირტუალურად არის შესაძლებელი.

კომპანიის წარმომადგენლის, იურა მეიდერის თქმით, პროგრამა საკმაოდ რეალურ სურათს გვაჩვენებს.

„ზეროდენსითი“ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიც არის „ბიბისი“, „სქაი ნიუსი“ და „ტეენტე“.

„ზეროდენსითი“ 2016 წელს დაფუძნდა და უკვე 62 კლიენტი ჰყავს, რაც იურა მეიდერის თქმით, ძალიან კარგი შედეგია.

„ჩვენი კომპანია საკმაოდ პროგრესულია და მაქსიმალურად აახლოებს ვირტუალურ სამყაროს ნამდვილთან. ძალიან დიდ ბიბლიოთეკას მოიცავს ეს პროგრამა და ამიტომ, იგი ძალიან სწრაფიც არის“, – აცხადებს იურა მეიდერი.

საქართველოს პირველი არხის ტექნიკური დირექტორის, გოჩა ქუმსიაშვილის განცხადებით, ეს კომპანია მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებს და შესაძლებელია, მომავალში ის საქართველოს პირველმა  არხმაც გამოიყენოს.

„ეს კომპანია ახლა ძალიან მოწინავე ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც იძლევა 3D-გამოსახულების ძალიან მაღალ ხარისხს. ამით არის ძალიან საინტერესო და შესაძლებელია, მომავალში ეთერში მძლავრი გრაფიკული იარაღი გამოვიყენოთ. ამაზე ვფიქრობთ“, – განაცხადა გოჩა ქუმსიაშვილმა.