ვიქტორია ნულანდის განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ს მოქმედების 18 სცენარი აქვს მომზადებული. ამის შესახებ ნულანდმა ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ახალი აგრესიის შემთხვევაში, აშშ-სა და მის მოკავშირეებს მზად აქვთ საპასუხო ზომები, რომლებიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ეკონომიკურ სანქციებს. ამის მიუხედავად, ნულანდის თქმით, თეთრი სახლი დაინტერესებულია, რომ მოსკოვთან დიალოგი გაგრძელდეს. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ზოგიერთი იდეის გარშემო, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, რუსეთი მოლაპარაკებას განაგრძობს, თუმცა ეს პუტინის არჩევანია“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. ეს განცხადება ნულანდმა აშშ-ის და ნატო-ს მიერ რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების სერიის შემდეგ გააკეთა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის ყალბ საბაბს ამზადებს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

დატოვე კომენტარი